მაკრონი: თუ ისრაელის მიზანი ჰამასის სრული განადგურებაა, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებზე "სწორი პასუხი" არ არის "მთელი ტერიტორიის განადგურება" ან "სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა."
ამის შესახებ Le Figaro წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ეჭვობს, რომ ისრაელი ჰამასის მთლიანად განადგურებას შეძლებს.
"თუ ეს (ჰამასის განადგურება - რედ.) არის მიზანი, მაშინ ომი ათი წელი გაგრძელდება", - თქვა მან.
მაკრონმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, განმარტოს ამ ომის მიზანი.
მან ასევე მხარეებს მოუწოდა გააორმაგონ მცდელობები ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად, რათა ჰამასის ტყვეობიდან სხვა მძევლებიც გათავისუფლდნენ და ღაზას მოსახლეობამ ის დახმარება მიიღოს, რომელიც მათ სასწრაფოდ სჭირდებათ.
24 ნოემბერს, დილის შვიდ საათზე, ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხდღიანი ზავი დაიწყო. ორშაბათს კატარის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი კიდევ ორი დღით გაგრძელდა.
30 ნოემბრის, დილით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასთან ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელებაზე განაცხადეს.
1 დეკემბერს, დილით, ისრაელის არმიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამასმა დაარღვია ზავი და ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტები ისროლა, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა უპასუხა.