მარგუს ცაჰკნა: NATO-ს რუსული გამოცდისთვის მოსამზადებლად 3-4 წელი აქვს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსული გამოცდისთვის მოსამზადებლად ნატო-ს 3-4 წელი აქვს.
მან აღნიშნა, რომ ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთისგან მყისიერ საფრთხეს ვერ გრძობენ, ვიდრე მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომშია ჩართული, თუმცა ნათელია, რომ ვლადიმირ პუტინი „ომის მანქანას“ დღითიდღე აძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთლიანადაა გადართული საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებაზე, მას ნატო-სთვის გამოცდის მოსამზადებლად 3-4 წელი დასჭირდება.
თუ მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმას გადაწყვეტს, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია, ასევე პოლონეთი სავარაუდო სამიზნეებად აღიქმებიან. აღნიშნული ქვეყნები უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან.
„უკრაინა ჩვენთვის კი არ იბრძვის, არამედ ჩვენს ნაცვლად“, - მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების მიუხედავად, რომ ის პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას არ აპირებს, ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი ხაზის მშენებლობას მაინც გეგმავს.
„ჩვენ ჩვენს გეგმებს არ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. გჯერათ ვლადიმირ პუტინის მას შემდეგ, რაც მან თქვა და როგორც იქცეოდა ის წლების განმავლობაში?“, - ჰანო პევკური.
შეგახსენებთ, რომ ტაკერ კარლსონთან ბოლო ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ის პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმას არ განიხილავს, რადგან აღნიშნული სახელმწიფოები მას არ აინტერესებს. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი მზადყოფნას აძლიერებს და "ეს ის არის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს".
რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ „ბალტიის თავდაცვის ხაზის“ მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ზემოაღნიშნული ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხელშეკრულებას ხელი ქალაქ რიგაში მოაწერეს.