მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

კვირას ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო.

მისი წარდგენა სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ფრეჟუსში შედგა. ლე პენმა განაცხადა, რომ ის "საფრანგეთის თავისუფლებების პრეზიდენტი" იქნება და მკაცრად გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ინიცირებული სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა.

"ხელისუფლებამ, მისი მართვის სტილით, გააღრმავა გაყოფა ორ საფრანგეთს შორის, თითქოს ქვეყანა უკვე საკმარისად გაყოფილი არ იყო," - მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატმა იქ შეკრებილ დეპუტატებს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, 2022 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისევ მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი გადავლენ.

თუმცა, ცნობილი მწერალი და ტელეჟურნალისტი ერიკ ზემური შეიძლება ლე პენისთვის ახალ პრობლემად იქცეს. ზემური ოფიციალურად კანდიდატი ჯერ არ არის, მაგრამ მისი კრიტიკული ხედვები ისლამსა და მიგრაციაზე მიმზიდველი შეიძლება იყოს ლე პენის ელექტორატის ყველაზე რადიკალური ფრთისთვის. როდესაც სოციოლოგებს ზემური კვლევებში შეჰყავთ, მას მოსახლეობის 7-8% უჭერს მხარს. 

შაბათს, France 2-თან ინტერვიუში ზემურმა თქვა, რომ, მისი აზრით, არჩევნებს "მარინ ლე პენი ვერასდროს მოიგებს და 'ეროვნულ გაერთიანებაში' ეს ყველამ იცის."

"მე ვფიქრობ ფრანგები ამას ხედავენ და ეს მანაც იცის, რომ ლე პენისთვის ხმის მიცემა, ნიშნავს მაკრონის მხარდაჭერას. ეს ის არის, რაც მაკრონს უნდა, რომ მეორე ტურში მას [ლე პენს] დაუპირისპირდეს და დაამარცხოს." - განაცხადა პოტენციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ლე პენმა მის შესაძლო კანდიდატურაზე განაცხადა, რომ თუ ზემური კენჭს იყრის, ეს მას პირველი ადგილის დაკავებაში ხელს შეუშლის.

"ეროვნული გაერთიანების" ლიდერი კამპანიის დაწყების წინ პარტიის პრეზიდენტობიდან გადადგა და ეს პოსტი 26 წლის ევროპარლამენტარ ჯორდან ბარდელას დაუთმო.

 

 

მსგავსი სიახლეები