მედვედევი: თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში შევლენ, ზომების მიღება მოგვიწევს
დმიტრი მედვედევი უახლოეს მომავალში შვედეთის და ფინეთის მიერ ნატოში წევრობაზე შესაძლო განაცხადის შეტანას გამოეხმაურა.
მედვედევის თქმით, სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო ალიანსში შესვლა ბალტიის რეგიონში „არაბირთვულ სტატუსს“ შეცვლის, რაც რუსეთის მხრიდან „ბალანსის აღდგენას“ მოითხოვს.
„აქამდე რუსეთის ასეთ ზომებზე არ წასულა და არც აპირებდა. მაგრამ თუ გვაიძულებენ, სხვა გზა არ დაგვრჩება“, - ამბობს მედვედევი.
„ფინეთის და შვედეთის ნატოში მიღება რუსეთის [ალიანსთან] სახმელეთ საზღვარს ორჯერ გაზრდის. ბუნებრივია, ამ საზღვრების გამაგრება მოგვიწევს.
სერიოზულად მოგვიწევს იქ სახმელეთო ძალების და საზენიტო სისტემების გაძლიერება. ფინეთის ყურეში სამხედრო-საზღვაო ძალების არსებითი რაოდენობის გადასროლა იქნება საჭირო“, - აცხადებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ ფინეთის და შვედეთის შესვლის შემთხვევაში „სამხედრო-ტექნიკური ზომების“ მიღებას არ გამორიცხავენ.
პუტინის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ნატოს „სამხედრო პოტენციალის წინსვლის“ ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „დასავლეთ ფრონტის გასაძლიერებლად“ შემუშავებულ გეგმაზე საუბრობს.
„[გეგმაში] აუცილებელი ზომების ჩამონათვალია, რომლებიც შესაძლოა მივიღოთ. მათ პრეზიდენტთან თათბირზე განვიხილავთ“, - თქვა პესკოვმა.
გუშინ შვედურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტოკჰოლმი ნატოში წევრობის განაცხადის შეტანას ივნისის ბოლომდე გეგმავს.
ალიანსში წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს ფინეთის პარლამენტიც.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიური ქვეყნები ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევაზე საუბრობენ.