მელნიკი: შოლცის კიევში ვიზიტს მძიმე შეიარაღებაზე თანხმობის შემთხვევაში ექნება აზრი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია, მაგრამ გერმანიის მთავრობის მეთაურის ვიზიტს აზრი ექნება, თუ ის "თან ჩამოიტანს კოალიციის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ". განცხადება უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა Європейська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა.
დიპლომატს ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა შოლცის ვიზიტი უკრაინაში უახლოეს მომავალში.
"ვფიქრობ, ღირს დაველოდოთ, არის მოწვევა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, როცა კანცლერს თან ექნება კოალიციის გადაწყვეტილება ახალი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. ახალი მხარდაჭერა ნიშნავს მძიმე შეიარაღებას და არა ხვალ ან ზეგ, არამედ დღეს. ეს ნიშნავს სანქციების მეექვსე პაკეტს და მზადდებას სრულფასოვანი ნავთობისა და გაზის ემბარგოსთვის... ესეც უნდა იყოს... რაც მოხდა ამერიკაში, ანუ კანონი ლენდლიზზე - Lend-Lease 2.0". - თქვა მელნიკმა.
მელნიკს კომენტარი არ გაუკეთებია გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე უკრაინის სახელმწიფოს პრიორიტეტი სწორედ მთავრობის მეთაურის ჩამოსვლაა".
შოლცმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს. მან დასძინა, რომ კიევში რუსეთის ინტერვენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე (24 თებერვალი) იმყოფებოდა.