მერკელის განცხადებით ახალი, მკაცრი შეზღუდვები აუცილებელია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ახალი “მკაცრი” შეზღუდვები აუცილებელია კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად.

მერკელის ვიდეო მიმართვა შაბათს გავრცელდა. გერმანიის ხელისუფლებამ შეზღუდვების ახალი ტალღა შემოიღო, რომელსაც “ავარიული მუხრუჭი” უწოდეს. შეზღუდვების ნაწილია ახალი კომენდანტის საათი.

მიმართვისას მერკელმა განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესება “სასწრაფოდ არის საჭირო” და ინფიცირების შემთხვევები ირლანდიასა და ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვების გამო მცირდება.

მერკელის მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარასკევს, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ავარიული მუხრუჭის” შეზღუდვების მიღებას.

კანონი ხელისუფლებას კარანტინის დაწესების უფლებას აძლევს. გერმანიაში კომენდანტის საათი 22:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იმ ადგილებში, სადაც 100,000 მოქალაქეზე კვირაში 100 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება შეზღუდულია კერძო შეკრებები, სპორტული აქტივობები და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

შაბათს გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 22,262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 289 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში 24 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ორივე დოზით კი მოსახლეობის მხოლოდ 7% აიცრა.

 

 

მსგავსი სიახლეები