MI6-ის უფროსი: უკრაინამ ერთ თვეში მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა ერთ წელიწადში
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა რუსული აგრესიის მოგერიებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევებზე ისაუბრა.
ამის შესახებ მურმა ოთხშაბათს პრაღაში ბრიტანეთის საელჩოში გამოსვლისას განაცხადა, ციტირებს მას სააგენტო Politico.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, "ერთ თვეში კიევმა მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსებმა ერთ წელიწადში მოახერხეს."
"უკრაინელ მეთაურებს, განსხვავებით მათი რუსი კოლეგებისგან, სურთ ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა და ამიტომ წინ სათანადო სიფრთხილით მიიწევენ," - თქვა მან და კიევის კონტრშეტევის სირთულეები განმარტა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიების განთავისუფლება "რთული გზაა და უკრაინელი ოფიციალური პირები და სამხედროები ამას არ ერიდებიან", ხოლო "რუსებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეექმნათ თავდაცვა, რომლის გადალახვაც ძალიან რთულია."
ასევე, MI6-ის ხელმძღვანელმა უკრაინაში ომით აღშფოთებულ რუსებს მოუწოდა, ითანამშრომლონ მის სადაზვერვო სამსახურთან, რათა ბოლო მოეღოს სისხლისღვრას.
ამავე გამოსვლაში მურმა გამოხატა რწმენა, რომ ხელოვნური ინტელექტი ცოცხალ ჯაშუშებს ვერ ჩაანაცვლებს.