მიტ რომნი სენატორად კიდევ ერთი ვადით კენჭს არ იყრის
იუტას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ არ აპირებს სენატში კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი და "ლიდერების ახალი თაობის" შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
ამის შესახებ CNN წერს.
ვიდეომიმართვაში რომნიმ მთელ რიგ საკითხებზე ისაუბრა, რომლებსაც მან კრიტიკული უწოდა, მათ შორის ეროვნული ვალის ზრდა და კლიმატის კრიზისი და თქვა, რომ "არც პრეზიდენტი ბაიდენი და არც ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი არ ხელმძღვანელობენ თავიანთ პარტიას ამ საკითხებთან დასაპირისპირებლად."
რომნი, რომელიც 2012 წლის რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, დიდი ხანია რესპუბლიკური პარტიის ის იშვიათი წევრია, რომელიც ტრამპის ღია კრიტიკოსია.
სენატორმა ორივე პარტიაში ლიდერების ასაკზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ახალი თაობის ლიდერების საჭიროებას.
"კიდევ ერთი ვადის ბოლოს, 80-იანების შუა რიცხვებში ვიქნებოდი," - თქვა რომნიმ, რომელიც 76 წლისაა. "გულწრფელად რომ ვთქვათ, ახალი თაობის ლიდერების დროა. სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სამყაროს, რომელშიც ისინი იცხოვრებენ."
"მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაპირებ კენჭისყრას, მე არ ვტოვებ ბრძოლას," - აღნიშნა რომნიმ. "მე შეერთებული შტატების სენატორი 2025 წლის იანვრამდე ვიქნები."
რომნიმ მკაცრად გააკრიტიკა სენატის რესპუბლიკელი კოლეგები ტრამპისადმი მათი მუდმივი ლოიალობის გამო და თქვა: "ჩემი პარტიის ძალიან დიდ ნაწილს ნამდვილად არ სჯერა კონსტიტუციის."