სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩინეთმა უნდა დაიცვას პრინციპი "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე"

ჩინეთმა უშუალოდ უკრაინის ხელისუფლებისგან უნდა მოისმინოს ომის დასრულებაზე პოზიცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.

"ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ მოისმინოს ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან, თუ რატომ არის აუცილებელი პატივი სცეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." - თქვა პატელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთმა ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში დაიცვას პრინციპი - "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე."

პატელის თქმით, რომ ახლა რუსეთის ფედერაცია არ იჩენს ომის დასრულების მიმართ ინტერესს.

"ფაქტობრივად, ისინი (რუსები - რედ.) მოქმედებენ ზუსტად საპირისპიროდ. მაშინ როცა სხვები - მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც საკუთარი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა - ორიენტირებულია ომის დასასრულებლად გზების ძიებაზე, რუსეთი უშვებს თვითმფრინავებს და რაკეტებს, რათა მეზობელ ქვეყანას დაუნგრიოს სახლები, საავადმყოფოები, კინოთეატრები და მოკლას უამრავი ბავშვი", - თქვა მან.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი 16-17 მაისს უკრაინას ეწვევა, რათა ომის "პოლიტიკური მოგვარების" საკითხი განიხილოს.

მსგავსი სიახლეები