მოლაპარაკებებში ჩიხის ფონზე სენატის ლიდერი პუტინს ახალი სანქციებით ემუქრება

მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე სენატის უმრავლესობის ლიდერი რუსეთს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება - "იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ წარმოადგენს სერიოზულ წინადადებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ."

State Of Play: ამის შესახებ სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ 22 მაისს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. ტუნი მიუთითებს სენატში უკვე დარეგისტრირებულ აქტზე, რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველებისთვის 500%-იანი სავაჭრო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

  • "თუ კი რუსეთი უარს იტყვის სერიოზულ დიპლომატიაზე სენატი იმუშავებს კოორდინირებულად ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი სანქციების დაწესების შესახებ, რათა ვაიძულოთ ვლადიმირ პუტინი დაიწყოს მოლაპარაკებები"- განაცხადა ტუნიმ. 

  • საგარეო საკითხებში კიდევ ერთი გავლენიანი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, ახალი სანქციების განხილვა შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში დაიწყოს - "ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ პუტინს, რომ გავზრდით წნეხს რუსეთზე, რათა რუსები მოლაპარაკებების მაგიდაზე დავაჯინოთ" 

Big Picture: საყურადღებოა, რომ სენატორების განცხადებები კონგრესში მარკო რუბიოს მოსმენას დაემთხვა - მოსმენის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, თუ სენატი ახალი სანქციების მუქარებს გაავრცელებს. ამავე მოსმენისას რუბიომ უარი თქვა ომის დამნაშავე ეწოდებინა ვლადიმირ პუტინისთვის, რადგანაც მისი თქმით, ეს ხელს შეუშლი ომის დარეგულირების მცდელობას. 

  • ტუნიმ საკითხის დაჩქარებული განხილვის მზაობის შესახებ გასულ კვირებშიც არაერთხელ განაცხადა, თუმცა მიუთითებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან შესაბამის სიგნალს ელოდებოდა. 

  • ზოგი რესპუბლიკელი სენატორი სწრაფ რეაგირებას ემხრობა - "მე საკმარისად დიდხანს მოვიცადე და დღეს ნათელია, რომ პუტინი უბრალოდ თავზე ნაცარს გვაყრის"- განაცხადა გამოცემა Semafor-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტოდ იანგმა. 

Context: აქტის წარმდგენები სენატორები ლინდსი გრემი და დემოკრატი, რიჩარდ ბლუმენტალი არიან - ინიციატივას უკვე უჭერს მხარს 80 სენატორი. ავტორების ცნობით, ახალი სანქციები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ პუტინი უარს იტყვის, "რეალურ, კეთილსინდისიერ" მოლაპარაკებებზე ან წამოიწყებს ახალ იერიშს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ. 

  • ინიციატივის მიხედვით, რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტზე 500%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება. 

Go Deeper: Axios: ტრამპმა ახალი სანქციების დაწესება პუტინთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა

მსგავსი სიახლეები