მოლდოვამ "მარცვლეულის შეთანხმებიდან" რუსეთის გამოსვლა და ოდესის დაბომბვა დაგმო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გამოსვლა და სამშაბათს ღამით, ოდესის ოლქის დაბომბვა დაგმო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, გაეროს და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის უგულებელყოფას.

"ოდესის რეგიონის გუშინდელი დაბომბვა, მათ შორის პორტის, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის მიერ საკვების იარაღად გამოყენების ტაქტიკას, მათთვის წართმევას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება." - თქვა პოპესკუმ.

რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გემების უსაფრთხოების გარანტიები გააუქმა. ინიციატივის მოქმედების ვადა კი 17 ივლისს ამოიწურა.

უკრაინამ თურქეთსა და გაეროს მიმართა წინადადებით, "მარცვლეულის დერეფნის" ფუნქციონირება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში რუსეთის გარეშე გაგრძელდეს.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად სურს "მარცვლეულის შეთანხმება" გაგრძელდეს და მასთან ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები