მომავალ კვირას სომხეთი და თურქეთი გამართავენ შეხვედრას საზღვრის გახსნის შესახებ

მომდევნო დღეებში გაიმართება სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მთავარი თემაც საზღვრის გახსნა და ქვეყანებს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია იქნება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით თურქული გამოცემა NTV ავრცელებს - ეს ბოლო წლების განმავლობაში საზღვრის გახსნის საკითხზე მხარეებს შორის პირველი შეხვედრაა. 

  • წყაროების ცნობით, თურქეთის დელეგაციას სომხეთის ურთიერთობებთან საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, სერდარ კილიჩი უხელმძღვანელებს. 

  • შეხვედრის გეგმას ადასტურებენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც - მოსალოდნელია რომ მიღებული იქნება ახალი, კონკრეტული გადაწყვეტილებები ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით. 

  • საყურადღებოა, რომ შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო თურქული დელეგაცია სომხეთში სახმელეთო საზღვრის (ალიჯან-მარგარა გამშვები პუნქტი) გავლით ჩავა. 

  • სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, დელეგაციას თურქეთთან ურთიერთობების საკითხში სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი უხელმძღვანელებს. 

კონტექსტი: თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო საზღვარი ანკარას გადაწყვეტილებით 1993 წლის შემდეგ ჩაკეტილია. 

  • ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი მცდელობა 2008 წელს დაიწყო. უკვე 2009 წელს, ციურიხში საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერას პროტოკოლებს დიპლომატიური ურთიერთობების დაწესებისა და განვითარების შესახებ. 

  • წარმოქმნილი უთანხმოებების ფონზე პროცესი 2010 წელს შეჩერდა, ხოლო უკვე 2015 წელს სომხეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროტოკოლები სომხეთის პარლამენტიდან უკან გაიწვია. 2018 წელს პროცესი საბოლოოდ შეწყდა. 

სტრიქონებს შორის: ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 2021 წლიდან განახლდა. 

  • 2022 წელს თურქეთისა და სომხეთის შესაბამისმა დელეგაციებმა 4 შეხვედრა გამართეს. ამავე წლის თებერვლიდან ქვეყნებს სორის აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა,  დაიდო შეთანხმება საზღვრის მესამე ქვეყნების მოქალაქეების, სახმელეთო და საჰაერო ტვირთებისთვის გახსნის შესახებაც. 

  • კომენტატორების შეფასებით, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნა დაკავშირებული იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზაციაზე. 

მსგავსი სიახლეები