მორავიეცკი: რამდენიმე პრემიერმა პირობა დადო, რომ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს
რამდენიმე ევროპელი პრემიერი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას დაჰპირდა.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთს არ შეუძლია უკრაინას თავისი Patriot-ები გადასცეს, რადგან მას საკმარისი რაოდენობის ამერიკული სისტემები არ გააჩნია.
უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე დისკუსიის დროს მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ ეს სისტემები, "უკრაინას რაც შეიძლება მალე გაუზიარონ ისინი."
როგორც მორავეცკიმ განაცხადა, მოლდოვაში შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური იყო."
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას ამერიკული F-16-ის მფრინავების მომზადებაში დაეხმარება.