მოსადის უფროსი მძევლების გაცვლაზე სასაუბროდ კატარის პრემიერს შეხვდება - WSJ
მოსადის უფროსი დევიდ ბარნეა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თაჰნის დღეს ნორვეგიაში შეხვდება. მათი საუბრის მთავარი თემა მძევლების გათავისუფლებაზე ახალი მოლაპარაკებების დაწყება იქნება.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბარნეა დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს შეხვდა, რათა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სამი ტყვის შემთხვევით მოკვლის ფონზე, მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების მცდელობები განეხილა.
კატარი მძევლების გაცვლის პირველი შეთანხმების მთავარი შუამავალი იყო, რომლის ფარგლებშიც ჰამასის ტყვეობიდან 105 მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა: 81 ისრაელის მოქალაქე, 23 ტაილანდის მოქალაქე და ერთი ფილიპინელი. ისრაელმა კი 240 პალესტინელი უსაფრთხოების პატიმარი გაათავისუფლა, მათგან ყველა ქალი და არასრულწლოვანი იყო.
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ღაზაში 129 მძევალი რჩება, მაგრამ ყველა მათგანი ცოცხალი არ არის.
პირველი ზავის დაწყებამდე ჰამასმა ოთხი მძევალი გაათავისუფლა, ერთი კი ებრაელმა სამხედროებამა გადაარჩინეს. ასევე ნაპოვნია რვა მძევლის ცხედარი და სამი მძევალი სამხედროებმა შეცდომით მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მოქმედი სამხედროების მიერ მოპოვებული ახალი სადაზვერვო ცნობების საფუძველზე, 20 ტყვის სიკვდილი დაადასტურა.