მშვიდობა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით დაიწყება - თეთრი სახლი

თეთრი სახლი ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის 2.5-საათიანი სატელეფონო საუბრის პრეს-რელიზს ავრცელებს.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტით დაიწყება. გარდა ამისა, შეთანხმებულია საომარი მოქმედებების შეჩერება შავი ზღვის აკვატორიაშიც.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ მთავარ აქცენტებს თეთრი სახლის პრეს-რელიზიდან:
- ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს მყარი და გრძელვადიანი მშვიდობით;
- ასევე, ტრამპი და პუტინი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებაც შეთანხმდნენ;
- "სისხლს და ოქროს, რომლებსაც უკრაინა და რუსეთი მიმდინარე ომში ხარჯავენ, უმჯობესი იქნებოდა, თუ უკრაინელი და რუსი ხალხის კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ".
- "ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო".
- "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოძრაობა მშვიდობისკენ დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტით".
- თეთრი სახლის ცნობით, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების მორატორიუმის შესახებ მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება.
- გარდა ამისა, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები აფასებენ ახლო აღმოსავლეთს, როგორც თანამშრომლობის შესაძლო სივრცეს.
- მხარეები ასევე შეთანხმდნენ სტრატეგიული შეიარაღების გავრცელების შეზღუდვის შესახებ და, ასევე იმაზეც, რომ "ირანს არ უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების საშუალება".
- "აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას აქვს ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი, მათ შორის, მოცულობითი ეკონომიკური შეთანხმებები და გეოპოლიტიკური სტაბილიზაცია".