მუშაობს თუ არა ЗСУ-ს ნელი უკან დახევის სტრატეგია - New York Times-ის ანალიზი

New York Times, ომის მიმდინარე ეტაპზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიას აანალიზებს და ასკვნის, რომ უკრაინა, დონბასის ქალაქებისთვის სისხლისმღვრელ ბრძოლებით, საოკუპაციო არმიის გამოფიტვას ცდილობს.

გაზეთის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ ჯამურად რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი მიდგომა. 

2023 წლის 10 ოქტომბერს დაწყებული იერიშის ფარგლებში, რუსეთის არმიამ, 1 წლის განმავლობაში დონეცკის ოლქის 3 მოზრდილი ქალაქი დაიკავა: მარიინკა, ავდიივკა და ვუჰლედარი. 

მასალაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ თვეებში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი გარე დამკვირვებლებს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ომი ფინალურ ფაზაში გადავიდა, რომელშიც რუსეთი ცოცხალ ძალასა და საცეცხლე უპირატესობის წყალობით ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იმარჯვებს. 

თუმცა, გაზეთის წყაროები უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ამგვარ შეხედულებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ დონბასში მიმდინარე ბრძოლები ცდება ტერიტორიული მიღწევებისა და დანაკარგების ჩვეულებრივ ჩარჩოებს. 

უკრაინელი სამხედროები მიმდინარე ბრძოლებს გამოფიტვის ომს უწოდებენ, რომელშიც ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს მაქსიმალური დანაკარგები მიაყენოს და გატეხოს ომის გაგრძელების უნარი. 

ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთმა დონეცკის ოლქში 700 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, თუმცა ომის გაცხადებული მიზნისთვის, დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციისთვის, რუსეთმა კიდევ 10 ათასი კვადრატული კილომეტრი უნდა დაიკავოს. ეს დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიები. 

გაზეთის წყაროების ცნობით, რუსეთი ყოველდღიურად 1200 ჯარისკაცს კარგავს, ხოლო ჯავშანტექნიკაში დანაკარგები სამჯერ აღემატება უკრაინისას.

New York Times-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინას შეუძლია დონბასის ბრძოლის გადატანა და იმ მომენტამდე დალოდება, როდესაც რუსეთის დანაკარგები კუმულაციურ ეფექტს შეიძენს. 

ამასთანავე, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშმა უკრაინისთვის რისკები გაზარდა, რადგანაც ოპერაცია უკრაინის რესურსების გამოფიტვას განაპირობებს. 

მსგავსი სიახლეები