ნატო ევროკავშირსა და თურქეთს ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს - FT

ნატომ ევროკავშირსა და თურქეთს მოუწოდა გააუმჯობესონ ურთიერთობები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომელიც ევროპელი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ Financial Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პირად საუბრებში ევროკავშირის ლიდერებს დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისკენ მოუწოდა.

ამის მიზეზი ის არის, რომ თურქეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, ევროკავშირი თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს.

გამოცემა იხსენებს, რომ მარტის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ლონდონში, წამყვანი ევროპული სამხედრო ძალების შეხვედრაზე ჩავიდა, რათა უკრაინის დახმარება და თავდაცვის სხვა საკითხები განეხილათ.

ჯერ კიდევ იანვარში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების მონაწილეობა ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვის პროექტებში გადამწყვეტია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"ყველაფერი იცვლება. დროის გარკვეულ მომენტში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ გინდათ თქვენს გუნდში, მიუხედავად პრობლემებისა, რაც შეიძლება გქონდეთ," - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თურქეთთან ურთიერთობაზე.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ანკარას მოუწევს "გაუმკლავდეს თავის გაურკვევლობას რუსეთთან დაკავშირებით."

თურქეთი არ შეუერთდა ევროკავშირს და სხვა დასავლელ მოკავშირეებს მოსკოვზე პირდაპირი სანქციების დაწესებაში, უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ და შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან.

თურქეთი ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხანია გაყინულია. ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგის სხვადასხვა არხი, მათ შორის უსაფრთხოებასთან და თავდაცვასთან დაკავშირებული არხები, ნაწილობრივ თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობის ზრდის გამო.

მსგავსი სიახლეები