ნატო რუსეთის გამო არქტიკაში წარმომადგენლობის გაფართოებას აპირებს

რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო აპირებს გააფართოვოს თავისი წარმომადგენლობა არქტიკის რეგიონში.

"ნატომ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა არქტიკაში", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში, რომელიც კვირას, 28 აგვისტოს გამოქვეყნდა.

"ალიანსი უკვე ინვესტიციებს დებს საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავებში, რათა ჰქონდეს ნათელი სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება შორეულ ჩრდილოეთში", - თქვა მან.

 

ნატოს გენერალური მდივანი: რუსეთმა გააძლიერა თავისი აქტივობა არქტიკაში

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ახლახან გააძლიერა თავისი აქტივობა რესურსებით მდიდარ რეგიონში. "ჩვენ ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდას არქტიკაში", - თქვა მან.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი "ხელახლა ხსნის საბჭოთა ეპოქის სამხედრო ბაზებს, ათავსებს და ცდის თანამედროვე იარაღს, კერძოდ ჰიპერბგერით რაკეტებს". გარდა ამისა, ჩინეთი მზარდ ინტერესს იჩენს არქტიკის მიმართ, დასძინა მან.

სტოლტენბერგის თქმით, არქტიკას ნატოსთვის "განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს". ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონი არის "გადამწყვეტი დამაკავშირებელი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის" და ასევე წარმოადგენს უმოკლეს გზას ჩრდილოეთ ამერიკასა და რუსეთს შორის. გარდა ამისა, არქტიკა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გადაზიდვებისთვის გლობალური დათბობისა და ყინულის დნობის ფონზე, დასძინა მან.

აშშ-ს ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ პირველად დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს არქტიკაში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს ინტერესებს და იმუშავებს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ამ თანამდებობის შექმნას მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს.

მსგავსი სიახლეები