ნატოს სამიტის კომუნიკე: საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა MAP-ზე გადის
ვილნიუსში მიმდინარე ჩრდილო-ატლანტიკური სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
ამასთანავე ფინალურ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს შემთხვევაში ალიანსში გაწევრიანების გზა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, ე.წ. MAP-ზე გადის.
უკრაინის შემთხვევაში ალიანსის წევრები MAP-ის ეტაპის გაუქმებასა და გაწევრიანების პროცესის გამარტივებაზე შეთანხმდნენ.
"ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გავლით, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილის",- ნათქვამია ფინალურ დეკლარაციაში.
ამავდროულად ნატოს დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსთან დაახლოებისთვის საქართველომ უნდა გაატაროს რეფორმები, "მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმები. საქართველომ რაც შეიძლება უკეთ უნდა გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა."