ნატოს თავდაცვთი გეგმები: მეტი ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე, უფრო მაღალი მზადყოფნა
ვილნიუსის სამიტზე დამტკიცებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალი რეგიონალური თავდაცვითი გეგმები ითვალისწინებს კომპლექსურ ზომებს რუსეთის, როგორც ყველაზე დიდი და დაუყოვნებელი საფრთხის შეკავებისთვის.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.
ნატოს ახალი თავდაცვითი გეგმა 4400 გვერდზე მეტია, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა სამხედრო შესაძლებლობები უნდა შეკრიბოს ალიანსის 32-მა წევრმა ქვეყანამ შვედეთთან ერთად სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების ჩათვლით, ასევე კიბერსივრცეში.
სხვა საკითხებთან ერთად, ვარაუდობენ, რომ მომავალში ალიანსის 300 000 სამხედრო მაღალ ოპერატიულ მზადყოფნაში იქნება, მათ შორის ბუნდესვერის 35 000 ჯარისკაცი.
აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული ძალების რაოდენობა ბრიგადის დონემდე გაიზრდება (4000 ჯარისკაცი).
ალიანსი ასევე ნატოს მეორე სახმელეთო სარდლობის შექმნას გერმანულ ქალაქ ვისბადენში განიხილავს, სადაც აშშ-ის არმიას ბაზა აქვს. პირველი სახმელეთო სარდლობა ახლა თურქეთში, იზმირში მდებარეობს.
აგრესიის შემთხვევაში ნატოს სამხედრო მეთაურს ევროპაში ნატოს ორგანოებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცემა. ამრიგად, ალიანსი შეძლებს უფრო სწრაფად უპასუხოს გამოწვევებს.
გარდა ამისა, გეგმების მიხედვით, ნატომ უნდა განავითაროს მეტი ძალა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს სასტიკ ბრძოლებს. ევროპაში უნდა იყოს მეტი შორს მოქმედი საარტილერიო სისტემა და რაკეტები, ასევე იზრდება საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
სხვა ღონისძიებებთან ერთად ნახსენებია წყალქვეშა მილსადენების დაცვის გაძლიერება, რისთვისაც ახალი სადამკვირვებლო ცენტრი იქმნება ბრიტანეთში, ნორთვუდის საზღვაო სარდლობის ბაზაზე.