ნავალნიმ რუსებს ანტისაომარ აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა
რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ კვლავ მოუწოდა რუსებს მონაწილეობა მიიღონ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. მისი მიმართვის ფრაგმენტები რადიო თავისუფლებამ 11 მარტს გამოაქვეყნა.
ნავალნის თქმით, მხოლოდ რუს ხალხს შეუძლია შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
"ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ისინი, ვინც მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლენ. შეშლილი მანიაკი პუტინის შეჩერება ახლა ყველაზე სწრაფად რუს ხალხს შეუძლია," - წერს ნავალნი.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსების ბრძოლას ხელისუფლებასთან შიში და დაპატიმრებები მოჰყვება.
ნავალნი დარწმუნებულია, რომ რუსეთში მოსახლეობის უმრავლესობა ომის წინააღმდეგია.
"ყველამ, ვინც ნახა სინათლე, უნდა გაიგოს: მარტო მე ასე არ ვფიქრობ. თავიდანვე 29% ომის წინააღმდეგი იყო, ახლა კი უმრავლესობა. მეც გამოვალ ქუჩაში ომის წინააღმდეგ, მე ვაიძულებ პუტინს შეაჩეროს იგი", - განაცხადა ნავალნიმ.