ნავალნის თანამოაზრეები: ცხედარს 14 დღე არ გადმოგვცემენ
საგამოძიებო უწყება ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახის წევრებს კიდევ 2 კვირა არ გადასცემენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.
იარმიშის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აცნობეს - "მათ თქვეს, რომ რაღაც ქიმიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს."
კონტექსტი
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს იამალო-ნენეცკის ოლქის, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, კოლონიაში ყოველდღიური გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე ცნობით, ნავალნის ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უკვე მეოთხე დღეა რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ოჯახის წევრებს უარს ეუბნება ცხედრის გადაცემაზე. დანამდვილებით უცნობია ცხედრის ადგილსამყოფელიც. ბოლო ცნობებით, ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდში მდებარე პროზექტურაშია, თუმცა ადგილზე მისული დედა და ადვოკატი პროზექტურაში არ შეუშვეს.