"ნებისმიერ გემზე სწრაფი" - CNN-ის რეპორტაჟი უკრაინის უპილოტო ნავების შესახებ
CNN-მა 29 ივლისს გამოაქვეყნა სიუჟეტი უკრაინული უპილოტო საზღვაო ნავების შესახებ, რომლებიც თავს დაესხნენ რუსულ გემებსა და სხვა სამიზნეებს შავი ზღვის აკვატორიაში.
ჟურნალისტებმა სამხედრო ბაზა მოინახულეს, სადაც საზღვაო დრონების ტესტირება მიმდინარეობს. ეს დრონები აქამდე არცერთი მედიისთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი. სამხედროებმა ჟურნალისტებს არ უთხრეს მათი სახელები, სამხედრო წოდებები და სიუჟეტში მათი სახეებიც არ ჩანდა.
აღნიშნული საზღვაო დრონი უკრაინელ სამხედროებს შავ ზღვაში სხვადასხვა ობიექტებსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსებზე თავდასხმისა და მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
დრონის შემქმნელმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა, თქვა, რომ საზღვაო დრონზე მუშაობა ომის დაწყებამდე არ მიმდინარეობდა.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ არ გვქონდა დიდი ძალა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია საზღვაო სახელმწიფოსთვის - რუსეთისთვის. და უნდა შეგვემუშავებინა რაღაც ჩვენი, რადგან არ გვქონდა საკმარისი შესაძლებლობები," - თქვა მან.
მისივე თქმით, ეს დრონები მთლიანად უკრაინელების შექმნილი, აწყობილი და ტესტირებულია.
დრონის კონსტრუქტორმა განაცხადა, რომ რუსებს უჭირთ ნავის პოვნა მისი მცირე ზომის გამო.
"ამ დრონების სიჩქარე ამჟამად აღემატება ნებისმიერი საზღვაო ხომალდის სიჩქარეს შავი ზღვის აკვატორიაში," - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო ნავის სიგრძე ხუთ მეტრს აღემატება, იწონის 1000 კგ-მდე, გადააქვს 300 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება, აქვს 800 კმ მოქმედების დიაპაზონი და მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან წყაროებმა CNN-ს დაუდასტურეს, რომ საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ სულ მცირე ბოლო ორ თავდასხმაში: ქერჩის ხიდზე ივლისში და სევასტოპოლის პორტზე გასული წლის ოქტომბერში.