ნეთანიაჰუ და განცი ერთიანობის მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

ისრაელის მმართველ კოალიციასა და ბენი განცის ოპოზიციურ პარტია "ეროვნულ ერთიანობას" შორს შეთანხმება შედგა ერთიანობის მთავრობის შექმნაზე. ამის შესახებ ბენი განცმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს.

განცის მოთხოვნით შეიქმნება ომის მცირე კაბინეტი, რომელიც ჰამასთან ომს წარმართავს, რომელშიც შედიან მხოლოდ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და ბენი განცი.

სამხედრო კაბინეტში დამკვირვებლები იქნებიან ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალი, განცის პარტიის წევრი გადი ეიზენკოტი და ისრაელის სტრატეგიული საქმეების მინისტრი რონ დერმერთი.

ომის განმავლობაში, პარტია "ეროვნული ერთიანობის" ხუთი წევრი დაემატება უსაფრთხოების უფრო ფართო კაბინეტს, რომელიც ყველა მთავრობის პირობებში მოქმედებს.

ომის კაბინეტში არ შევიდა ქნესეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, იაირ ლაპიდი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ კოალიციაში ისევ იქნებიან ულტრამემარჯვენე პარტიები, მთავრობას არ შეუერთდება.

პარტიები შეთანხმდნენ, რომ ომის დროს ქნესეთში არც ერთი კანონპროექტი და მთავრობის რეზოლუცია არ განიხილება, რომლებიც ომის მართვასთან არ არის დაკავშირებული.

კონტექსტი

ცენტრისტი პოლიტიკოსი ბენი განცი წარსულში ისრაელის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი იყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დაწყებული სასამართლო რეფორმის გამო მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე, განცის პარტია საზოგადოებრივი აზრის კვლევებში პირველ ადგილზეა.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად განცი ერთხელ უკვე იყო ნეთანიაჰუს მთავრობაში. თუმცა, ნეთანიაჰუმ მასთან დადებული პირობა არ შეასრულა და მას პრემიერის პოსტი როტაციით არ დაუთმო, კოალიცია დაშალა და ახალი არჩევნები გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები