ნეთანიაჰუ: პალესტინის ხელისუფლებას, ჰამასის მსგავსად, ჩვენი განადგურება სურს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტში განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებას ისრაელის განადგურება "ეტაპობრივად" სურს.
ამის შესახებ ებრაული მედია დახურულ შეხვედრაზე მყოფ პირზე დაყრდნობით წერს.
"ჰამასსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჰამასს ჩვენი განადგურება აქ და ახლა სურს, ხოლო პალესტინის ხელისუფლებას - ეტაპობრივად," - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ არაერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებას ჰამასთან ომის დასრულების შემდეგ, ღაზას მმართველობაში არ განიხილავს, რადგან ის არაპირდაპირ მხარს უჭერს ტერორიზმს, ტერორისტებისა და მათი ოჯახებისთვის სტიპენდიების გადახდის გზით და განათლების სისტემაში ისრაელის მიმართ ზიზღის ქადაგებით.
ბაიდენის ადმინისტრაცია კი, პირიქით, ომისშემდგომი ღაზას მართვაში პალესტინის ხელისუფლების ცენტრალურ როლს ხედავს.
კონტექსტი
პალესტინის ხელისუფლებაში ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პარტია ფატაჰია, რომელიც პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მემკვიდრეა. აღნიშნული ნაციონალისტური მოძრაობის მთავარი მიზანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა. წარსულში ორგანიზაცია ისრაელის განადგურებასაც უჭერდა მხარს, მაგრამ 1993 წელს, ოსლოს პირველი შეთანხმებით, მან ამ მიზანზე უარი თქვა. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებისა და ისრაელის მიერ აღიარებულია პალესტინელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად.
ჰამასი ისლამისტური იდეოლოგიის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელის მთავარი მიზანიც ისრაელის განადგურება და მის ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს შექმნაა.