ნეთანიაჰუ საერთაშორისო ზეწოლაზე: ვერაფერი შეგვიშლის ხელს ჰამასის განადგურებაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ ისრაელში ციხეს ეწვია, სადაც ღაზას სექტორში დაკავებული ჰამასის მებრძოლების დაკითხვა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვედანაყოფის მუშაობისა და დაკითხვის პროცედურების შესახებ ანგარიში მოისმინა.
შემდეგ მან ქვედანაყოფის ჯარისკაცებს მიმართა: "ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე, ჰამასის განადგურებამდე, თუნდაც საერთაშორისო ზეწოლის პირობებში. ვერაფერი შეგვაჩერებს."
მან მადლიერება გამოხატა ღაზაში სამხედროების სიმამაცისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, როდესაც 10 ჯარისკაცი დაიღუპა ჰამასის ჩასაფრებაში.
ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება "საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე."
"ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე გააგრძელებს. ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე საჩუქარია ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასისთვის და მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და დაემუქროს ისრაელის მაცხოვრებლებს," - აღნიშნა მან.