ნეთანიაჰუ: სასამართლო რეფორმა კონსენსუსის გზით გატარდება

აშშ-ის დემოკრატიის სამიტზე საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიას ძირს არ უთხრის და რეფორმა ოპოზიციასთან კონსენსუსის გზით გაგრძელდება.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

ისრაელში 3 თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ, ნეთანიაჰუმ რეფორმა შეაჩერა და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა.

"შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ისრაელში ძლიერი დემოკრატიაა, სადაც ძალიან ინტენსიური საჯარო დებატები მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მივიღოთ სათანადო დემოკრატია", - აცხადებს ნეთანიაჰუ.

"დემოკრატია ნიშნავს ხალხის ნებას, რომელიც გამოხატულია უმრავლესობის მიერ და ასევე ნიშნავს სამოქალაქო უფლებების, ინდივიდუალური უფლებების დაცვას. ეს არის ბალანსი ამ ორს შორის," - აღნიშნა პრემიერმა.

"ვფიქრობ, რომ ბალანსის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, შევაჩერეთ რეფორმა, რომელიც ახლა საშუალებას აძლევს ოპოზიციას და კოალიციას დასხდნენ და შეეცადონ მიაღწიონ ფართო ეროვნულ კონსენსუსს ორივე მიზნის მისაღწევად. და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ახლა ზუსტად ამ დიალოგში ვართ ჩართული." - ხაზი გაუსვა ისრაელის ლიდერმა.

კონტექსტი

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობდა. მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ახალი მთავრობის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რეფორმის გატარების შემდეგ, მოსამართლეების შერჩევის პროცესზე მთავრობის გავლენა გაიზრდება და ქნესეთს უფლება ექნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასინჯოს.

20 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა რეფორმის ნაწილი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

მასობრივი საპროტესტო აქციების და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 27 მარტს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის გატარება გადაიდება.

სატელევიზიო გამოსვლაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იცის ისრაელის საზოგადოებაში არსებული მზარდი დაძაბულობის შესახებ, მაგრამ ამტკიცებს, რომ არსებობს "ექსტრემისტული უმცირესობა", რომელიც "ხლეჩს ისრაელს." მისი თქმით, მან არაერთხელ გამოთქვა მზაობა დიალოგისთვის და განაცხადა, რომ "სამოქალაქო ომი არ უნდა მოხდეს" და ისრაელის საზოგადოებაში მძიმე კრიზისია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრების "უმრავლესობა" მხარს უჭერს ამ ნაბიჯს და სასამართლო რეფორმა ამა თუ იმ ფორმით მაინც გატარდება.

მსგავსი სიახლეები