ნეთანიაჰუ: თუ ჰამასის დასამარცხებლად საჭირო იქნება, ისრაელი მსოფლიოს დაუპირისპირდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საღამოს პრესკონფერენცია ღაზაში სახმელეთო შეჭრისას ჰამასის ტერორისტებთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მიგებით გახსნა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიყოთ მათი მსხვერპლისა და გმირობის ღირსი," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. "ჩვენ არ გავჩერდებით მისიის დასრულებამდე. მათ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ დავამარცხებთ ჰამასს და დავაბრუნებთ ჩვენს ტყვეებს."
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები უკვე ღაზაში, შიფას საავადმყოფოსთანაა და მრავალ მოკლულ ტერორისტს შორის, ბევრია ისეთი, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა.
"ღაზაში ჰამასის მეთაურიდან იაჰია სინვარიდან დაწყებული რიგით ტერორისტებამდე, ყველა სიკვდილისთვისაა განწიტული," - თქვა მან.
ნეთანიაჰუმ ჰეზობალა გააფრთხილა, რომ ისრაელთან ომში არ ჩაერთოს: "ეს იქნება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა."
მან აღნიშნა, რომ მძევლების დაბრუნება "ომის ცენტრალური მიზანია."
"არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მძევლების დაბრუნების გარეშე," - პირობას დებს ის.
მან მსოფლიოს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ მძევლების დაბრუნების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ვერავითარი საერთაშორისო ზეწოლა, ცრუ ბრალდებები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და ჩვენს სახელმწიფოზე, გავლენას ვერ მოახდენს ისრაელის თავდაცვით ბრძოლაზე." - თქვა ნეთანიაჰუმ. "საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ."
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები ღაზაში "სანამ საჭირო იქნება" დარჩებიან, რათა არ მოხდეს ანკლავის ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოყენება.
"თუ გვინდა მშვიდობა, უნდა გავანადგუროთ ჰამასი. თუ გვინდა უსაფრთხოება, უნდა გავანადგუროთ ჰამასი. თუ გვსურს ისრაელის სახელმწიფოს მომავლის უზრუნველყოფა, ჰამასი უნდა გავანადგუროთ. ეს არის ის, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს. და ეს არის ის, რასაც ისრაელი გააკეთებს," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.