ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კვირას საღამოს თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერის თანაპარტიელმა გალანტმა ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუმ გალანტის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. მის სავარაუდო შემცვლელად სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი განიხილება.
გადაყენებაზე საპასუხოდ, გალანტმა ტვიტერზე დაწერა: "ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება ყოველთვის იყო და დარჩება ჩემი ცხოვრების მისიად."
ოპოზიციის ლიდერმა, ექს-პრემიერმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამტკიცებს, რომ ნეთანიაჰუ ისრაელისთვის საშიშია.
გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გამოცხადების შემდეგ ქუჩებში ათასობით ისრაელის მოქალაქე გამოვიდა, საპროტესტო აქციები გაიმართა თელ-ავივში, ჰაიფაში, იერუსალიმში, ბერშებაში და სხვა ქალაქებში.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და გალანტი ხუთშაბათის შემდეგ არ საუბრობდნენ.
პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუმ გალანტის გათავისუფლება რეზერვისტების მიერ სამხედრო სამსახურზე პროტესტის ნიშნად უარის თქმაზე "სუსტი რეაგირების გამო" გადაწყვიტა.
მოგვიანებით, კვირას ნეთანიაჰუმ ტვიტერზე დაწერა: "ჩვენ ყველანი მტკიცედ უნდა დავდგეთ უარის მთქმელების წინააღმდეგ."
ისრაელის თავდაცვის ძალების სულ უფრო და უფრო მეტი რეზერვისტი ამბობს უარს პროტესტის ნიშნად სამხედრო სამსახურზე. ისინი აცხადებენ, რომ არადემოკრატიულ ისრაელში სამსახურს ვერ შეძლებენ.
მათი საქმიანობა არმიის რუტინის ძირითადი ნაწილია.
მასობრივი საპროტესტო აქციები ზედიზედ მესამე თვეა გრძელდება
ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ახალი მთავრობის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
რეფორმის გატარების შემდეგ, მოსამართლეების შერჩევის პროცესზე მთავრობის გავლენა გაიზრდება და ქნესეთს უფლება ექნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასინჯოს.
20 თებერვალს ისრაელის პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. მოსალოდნელია, რომ კანონის მიღება მომავალ კვირას გაგრძელდება.