ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრს მოსადის უფროსთან მძევლების გაცვლაზე საუბარი აუკრძალა - მე-12 არხი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს მოსადის უფროს დავიდ ბარნეასთან შეხვედრაში ხელს უშლის, რათა ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მცდელობები განიხილონ.
ამ ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს.
ტელევიზია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუ გალანტს ხელს ვერ შეუშლის სამხედრო და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაში, მაგრამ მას აუკრძალა ბარნეასთან საუბარი, როდესაც პრემიერ-მინისტრი არ ესწრება ამ შეხვედრას.
სულ მცირე ორჯერ, გალანტმა ბარნეა შეხვედრებზე დასასწრებად მიიწვია და პრემიერს ეს არ მოეწონა.
გალანტის ადმინისტრაციამ ამ ცნობაზე კომენტარი არ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის ოფისმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გალანტსა და ბარნეაზე ასეთი შეზღუდვები არ არსებობს.
თუმცა აღნიშნა, რომ ომის კაბინეტი ერთადერთი ორგანოა, რომელიც "განსაზღვრავს პოლიტიკას და წყვეტს მძევლების საკითხს და გამონაკლისი არ არსებობს."
ბარნეა აქტიურად იყო ჩართული ჰამასთან დროებითი ზავის შეთანხმებაში, რომელიც გასულ თვეში კატარის შუამავლობით გაფორმდა და რომლითაც 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს, ძირითადად ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე ტაილანდის მოქალაქეები და ერთი ფილიპინელი.