ნიდერლანდები უკრაინასთან EU-ში წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს

ნიდერლანდების მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანკე ბრუინს სლოტის განცხადებით, ნიდერლანდები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროპის კავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მხარს უჭერს.

ნიდერლანდები, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალს ევროპის კავშირში ხედავს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქვეყანას კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი მასთან მოლაპარაკებების დაწყება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ნიდერლანდების მთავრობა ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა და მიაჩნია, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის „რეგიონული სტაბილურობისთვის“ ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა, რომელიც უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება, უნგრეთია. ვიქტორ ორბანი ევროპის კავშირის 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისა და ომით განადგურებული ქვეყნისთვის მილიარდობით ევროს ოდენობით დახმარების საკითხის მოიხსნას ითხოვს. ორბანი ბრიუსელს მოუწოდებს, რომ უკრაინას წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაუფორმოს და გაწევრიანების საკითხს 5-10 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ.

კონტექსტი

14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ნოემბერში ევროკომისიამ უკრაინა-მოლდოვასთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი ევროპის კავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

 

მსგავსი სიახლეები