ნორვეგია მზად არის რუსეთთან საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტი დახუროს
ნორვეგიამ მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტის ოპერირება შეაჩეროს.
ამის შესახებ სამეფოს პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის მეთაურს ჰკითხეს, მიზანშეწონილი იქნება თუ არა ფინეთის მსგავსად, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა.
"საჭიროების შემთხვევაში," - უპასუხა სტიორემ.
მან აღნიშნა, რომ ნორვეგია ფინეთსა და ესტონეთში ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთი ქვეყანაში თავშესაფრის უკანონო მაძიებლების განზრახ გაგზავნაში დაადანაშაულა და საპასუხოდ 8-დან 7 სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვა გადაწყვიტა.
25 ნოემბრიდან, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იმუშავებს.
ფინელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი ცდილობდა ქვეყანაში საბუთების გარეშე შესვლას.