ნულანდი: კიბერთავდასხმა უკრაინაზე რუსული სქემით წარიმართა
"უკრაინის სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, უკვე მრავალჯერ გამოცდილი რუსული სქემით წარიმართა",- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.
Financial Times-სთან ინტერვიუში ნულანდს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია რუსეთი, მაგრამ თქვა, რომ უკრაინაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა ძალიან ჰგავდა რუსეთის მიერ სხვა შემთხვევებში ორგანიზებულ სპეცოპერაციებს.
"წარსულში რუსეთის აგენტები ამ ხერხს იმ სახელმწიფოების მთავრობებების დესტაბილიზაციისთვის მიმართავდნენ, რომლებთანაც რუსეთს უთანხმოება ჰქონდა, მათ სურდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ამავდროულად მოწინააღმდეგის თავდაჯერების განადგურება. ვფიქრობ, აქ გამორიცხული არაფერია",- განაცხადა ნულანდმა.
უკრაინის სამთავრობო საიტებზე მასშტაბური კიბერშეტევა გუშინ, 14 იანვარს განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე საათის განმავლობაში გაითიშა უკრაინის მთავრობის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროების ვებ-გვერდები.
Reuters-სთან საუბარში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა წარსულში მსგავსი თავდასხმები რუსეთიდან არაერთხელ მომხდარა.
"ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს თქვენ თქვენივე წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის", - ნათქვამია გზავნილში, რომელიც სამთავრობო საიტებზე გამოქვეყნდა.
თავდასხმა უკრაინულ ვებ-გვერდზე განსაკუთრებით საყურადღებოა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით - გუშინ, 13 იანვარს, რუსეთს, აშშ-ს, ნატოსა და ეუთოს შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ.
მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები იყო - კრემლი ითხოვდა გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, შეზღუდავდა სამხედრო ძალის და შეიარაღების რაოდენობას რუსეთის საზღვრის მიმდებარედ და ბათილად გამოაცხადებდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები.
უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.