NYT: აშშ-ის დაზვერვა რისკიანს უწოდებს უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენებას
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ უკრაინისთვის უფლების მიცემა, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება და, საპასუხოდ, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ლეტალურ იარაღს გამოიყენებს.
ამის შესახებ NYT-ის უყვება თავისი წყარო აშშ-ის მთავრობაში.
ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენებას, რომელიც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ომის მსვლელობაზე გადამწყვეტი ეფექტი არ ექნება და ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ უკრაინის შეიარაღებაში არსებულ შორ მანძილზე მოქმედები რაკეტების რაოდენობას და, ასევე, დასავლეთის მხრიდან დამატებითი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას.
დაზვერვის ამგვარმა დასკვნებმა შეიძლება ნაწილობრივ აჩვენოს პრეზიდენტზე არსებული შიდა წნეხი, და ახსნას ის, თუ რატომ უჭირს ჯო ბაიდენს გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა, გამოცემას საკუთარი წყარო უყვება, რომ ამ დრომდე დაზუსტებით ვერ იტყვის, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბაიდენი.
ჯო ბაიდენის და მისი მრჩევლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინის მტრული რიტორიკა მათზე დიდ გავლენას ახდენს და, შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების/გამოყენების საკითხზე ამ გავლენით ნაკარნახევმა გადაწყვეტილებებმა ბრძოლის ველზე უკრაინა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა.
განსხვავებით ამერიკელებისგან, ბრიტანელები ნაკლებად ერიდებიან რისკებს. ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინას თანხმობა განუცხადა, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
გამოცემის თანახმად, ამერიკის დაზვერვის ანგარიშში აღწერილია ის შესაძლო რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს აშშ-სგან ამგვარ გადაწყვეტილებას, მათ შორის - ევროპაში არსებული სამიზნეების დაწვისა და დივერსიებიდან დაწყებული, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სამხედრო ბაზებზე თავდასხმებამდე მისული.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპაში მომხდარ საბოტაჟებსა და დივერსიებზე პასუხისმგებელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) არის.
გამოცემის თანახმად, თუ აშშ უკრაინას მისცემს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას, და თუ პუტინი ამ ნაბიჯზე პასუხს გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ საბოტაჟს და დივერსიებს რუსეთი ისევ ფარულად გააგრძელებს და ღია თავდასხმებს ამერიკულ თუ ევროპულ ობიექტებსა და ბაზებზე მოერიდება, რათა თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი.