NYT: დასავლეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიად შეიარაღების დიდ არსენალს განიხილავს
ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების ცენტრალურ გარანტიად კონვენციური შეიარაღების დიდი არსენალის შექმნას და უკრაინისთვის გადაცემას განიხილავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დასავლეთში ამგვარად ფიქრობენ, რომ თუ კი უკრაინას შეიარაღების მოცულობითი არსენალი ექნება, რომლითაც ეფექტური სადამსჯელო დარტყმის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს საკმარისი იქნება რუსეთის შეკავებისთვის და ხელახალი თავდასხმის აღსაკვეთად.
წყაროების ცნობით, ჩინოვნიკები ასევე განიხილავენ, რომ შესაძლოა ჯო ბაიდენმა უკრაინას ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი დაუბრუნოს, რომელიც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემგეგ, ბუდაპეშტის მემორანდუმის შედეგად დაკარგა. ზოგის აზრით, ბირთვული იარაღი რუსეთის შეკავების კიდევ ერთი და უფრო ქმედითი საშუალება იქნება.
თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მეტად რთული იქნება და სარისკო შედეგებს ატარებს.
კონტექსტი
Reuters-ის ცნობით, კრემლის ელიტაში მიაჩნიათ, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გამორიცხავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას და ასევე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.
ცნობებზე საპასუხოდ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უბრალოდ ფრონტის ხაზის გაყინვა, თუმცა პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
გამოცემა Axios-ის ცნობით, ამერიკული დახმარების გაგრძელების იმედი აქვს უკრაინელ პრეზიდენტს, რომელიც 6 ნოემბერს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.