ოჯახმა ბაიდენს მოუწოდა გააგრძელოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოჯახმა მოუწოდა, არ შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია, მიუხედავად დებატებზე წარუმატებლობისა. კემპ დევიდში ოჯახური შეხვედრისას ახლობლებმა 81 წლის ლიდერს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN 30 ივნისს, ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
News York Times, პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ ოჯახმა ბაიდენს მოუწოდა არ მოეხსნას თავისი კანდიდატურა.
Politico იუწყება, რომ ოჯახის წევრები დებატებში ბაიდენის წარუმატებლობაში ბრალს მის მრჩევლებს სდებენ. ისინი ამბობენ, რომ ბაიდენი არ იყო მზად უფრო აქტიურად გაეკრიტიკებინა ტრამპი და ზედმეტად იყო ორიენტირებული თავდაცვაზე, იმის ნაცვლად, რომ თავისი ხედვა წარმოეჩინა მეორე ვადის შესახებ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი შეიძლება ცდილობდეს დაარწმუნოს ბაიდენი, უარი თქვას მეორე ვადით პრეზიდენტობაზე.
ჯო ბაიდენი ოჯახს კემპ დევიდში, გასული კვირის ბოლოს წინასაარჩევნო ღონისძიებების შემდეგ შეხვდა. ეს ღონისძიებები დიდი ხანია იგეგმებოდა. თეთრი სახლი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ნათესავებთან შეხვედრა კრიზისული შეხვედრა არ იყო.
ბაიდენი თეთრ სახლში ორშაბათს, 1 ივლისს ბრუნდება. სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა დემოკრატიული პარტიის დონორებთან.
28 ივნისს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატები შედგა. ბაიდენის წარუმატებელმა გამოსვლამ დასავლურ მედიასა და პოლიტიკოსებში ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე საუბრები განაახლა.
ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times-ის რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის პრეზიდენტის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა, ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორთა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები ბაიდენს მოუწოდებდნენ გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო.