ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს: გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ პირებს ვეძებთ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ პირებს ეძებენ, რომელიც მანამდე ადგილობრივებმა შენიშნეს.
რობერტ კიუტის კომენტარს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს.
"ადგილობრივმა მონადირეებმა სოფელ აზანთასთან, გულრიფშის რაიონში 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს, ამომცნობი ნიშნების გარეშე",- ამბობს კიუტი.
ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ აფხაზეთში გადასული პირები "უცხოური იარაღით იყვნენ აღჭურვილები", კიუტი ავტომატის ტიპსაც ასახელებს.
"ვინები არიან, რა ხდება, საიდან ახლა ვარკვევთ. სოხუმის ყველა მისადგომი ჩაკეტილია, თუ კი სადმე შეეცდებიან შეჭრას ადგილზე დავხვრეტთ",- ამბობს რობერტ კიუტი.
კონტექსტი
აფხაზეთში ე.წ. დივერსიული ჯგუფის გადასვლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსმა პროპაგანდისტმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სოლოვიოვის შეტყობინებაში საუბარი იყო 50-მდე შეიარაღებულ პირზე, რომლებიც ვერტმფრენით გადაადგილდებოდნენ.
საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.