ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინა, რუსეთი და აშშ სამმხრივ შეხვედრას გამართავს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა 23 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება.

აბუ-დაბის სამიტს წინ უძღოდა მოსკოვში ვლადიმირ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა. პარალელურად დავოსში შეხვდნენ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჩაშლილად: მომავალი სამიტის შესახებ ინფორმაცია 23 იანვარს, პუტინი-უიტკოფი-კუშნერის შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა.

  • რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, "შედგა შეთანხმება, რომ დღეს, აბუ-დაბიში გაიმართება პირველი სამმხრივი შეხვედრა".

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები ორ დღეს გასტანს.

  • სამიტზე უკრაინის დიპლომატიური გუნდის ხელმძღვანელი პრეზიდენტის ოფისის უფროსი კირილო ბუდანოვი იქნება. 

  • 23 იანვარს აბუ-დაბიში უიტკოფი, კუშნერი და ამერიკული გუნდი შეხვდება რუსეთის დელეგაცია, რომელსაც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

სიღრმისეულად: ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმებას ითხოვს. 

  • 21 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი და ზელენსკი "სულელები" იქნებიან, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

  • 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, უიტკოფმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩება, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. 

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ბედი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ სამშვიდობო წინადადებები "თითქმის მზად" არის.

  • რუსეთის ამ ეტაპზე ბოლო მოთხოვნა იყო უკრაინას დაეთმო ტერიტორიების 20%, რაზეც ზელენსკისგან უარი მიიღო.

  • გარდა ამისა რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას და უარყოფს, ომის დასრულების შემდეგ, NATO-ს სამხედრო კონტინგენტის შეყვანას უკრაინაში.

მსგავსი სიახლეები