"ომის გაგრძელება ნავთობის ფასებზე არაა დამოკიდებული"- კრემლში ტრამპს უპასუხეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის გაგრძელება არ არის დამოკიდებული ნავთობის ფასებზე. 

ამგვარად დმიტრი პესკოვი ამერიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც საუდის არაბეთს და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს სთხოვს გაზარდონ მოპოვება, რაც დააგდებს ნავთობის ფასებს და დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს. 

"ეს კონფლიქტი არ არის დაკავშირებული ნავთობის ფასებთან. კონფლიქტის მიზეზი რუსეთის ფედერაციის წინაშე არსებული ეროვნული საფრთხეებია, ის საფრთხეები, რომლებიც რუსებს ემუქრებათ ნაცნობ ტერიტორიებზე, კონფლიქტის მიზეზი არის ამერიკელების და ევროპელების მიერ რუსეთის წუხილების სრული უგულებელყოფა",- განაცხადა პესკოვმა. 

ამასთანავე კრემლის პრესსპიკერის თქმით, ვლადიმირ პუტინი მზად არის დონალდ ტრამპთან შესახვედრად და ვაშინგტონისგან შესაბამის სიგნალებს ელოდება. 

47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდა. 

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ომის დასრულება, მაგრამ "ტანგოს 2 ადამიანი სჭირდება." დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში მზად არის ქვეყანას ახალი სავაჭრო ტარიფები და მასშტაბური სანქციები დაუწესოს. 

 

მსგავსი სიახლეები