ორბანი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინის გაწევრიანების საკითხი 5-10 წელში განიხილონ
ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად ჯერ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმოს, ხოლო გაწევრიანების საკითხს 5-10 წელში დაუბრუნდნენ.
ამასთანავე უნგრეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაბლოკავს უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას, რომელიც ბლოკმა დეკემბერში უნდა მიიღოს.
"თუ ჩვენ არ ვიცით როგორი შედეგები ექნება ბლოკზე უკრაინის გაწევრიანებას, მე ვემხრობი აზრს, რომ ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმოთ",- განაცხადა ორბანმა უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსთან საუბარში.
უნგრეთის პრემიერის თქმით, სხვაობა და დისტანცია ევროკავშირსა და უკრაინას შორის ჯერჯერობით ძალიან დიდია - "ეს ხელშეკრულება შეიძლება 5-10 წლიანი იყოს, ჩვენ გვჭირდება დრო სამუშაოდ, რომ ვნახოთ რა არის შესაძლებელი და რისი გაკეთება შეგვიძლია."
კონტექსტი
დეკემბერში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რისი რეკომენდაციაც ნოემბერში ევროკომისიამ გასცა.
კლუბის წესები ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს, რაც ვიქტორ ორბანს ფაქტობრივად ეფექტურ ვეტოს მექანიზმს აძლევს.