ორბანის მთავარმა ოპონენტმა უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა
28 მარტს, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პიტერ მარკი-ზაიმ Twitter-ზე 27 მარტს ბუდაპეშტში მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ფოტო გამოაქვეყნა.
აქცია დუნაის ნაპირთან, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაღუპული უკრაინელების ხსოვნის პატივსაცემად იქ 300 ფეხსაცმელი დადეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მიმართა, სადაც ამ მემორიალზე ისაუბრა.
"ვიქტორ, იცი რა ხდება მარიუპოლში? გთხოვ, თუ შეგიძლია, წადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ შეიძლება განმეორდეს ხოცვა-ჟლეტა მსოფლიოში. და ამას აკეთებს რუსეთი. დღეს. ისეთივე ფეხსაცმელებია მარიუპოლში, ისეთივე ხალხი. სრულწლოვანები და ბავშვები. ბებიები და ბაბუები. და ისინი იქ ათასობით არიან. და ათასობით არიან. და ათასობით უკვე წავიდა. და შენ ეჭვი გეპარება სანქციები დააწესო თუ არა? იარაღი გაატარო თუ არა? ეჭვი გეპარება რუსეთთან ივაჭრო თუ არა? ეჭვის დრო არ არის, გადაწყვეტილების მიღების დროა", - თქვა მაშინ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა:
"ბატონო ზელენსკი, უნგრელმა ხალხმა გაიგო თქვენი სიტყვები. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა პირადად შეგხვდებით აქ, დუნაის ნაპირზე, რათა გავცვალო მოსაზრებები ევროკავშირის მომავალზე და ჩვენი ხალხების მშვიდობიან თანაარსებობაზე". - წერს პიტერ მარკი-ზაი.
ამ განცხადების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ოპოზიციის ლიდერი გააკრიტიკა.
"პიტერ მარკი-ზაიმ ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. ამით მან ნათლად აჩვენა, რომ ისინი უკვე შეთანხმდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ უნგრეთის მთავრობას მემარცხენეები უხელმძღვანელებენ, მაშინვე ხმას მისცემდნენ სანქციებს გაზსა და ნავთობზე და დაუყოვნებლივ დაიწყებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა "უნგრეთს ომში ჩაითრევს".