ორშაბათს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს მიიღებს - Politico
18 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.
ამ ინფორმაციას Politico ანონიმურ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, დღეს სანქციების მიღების მოკლე წერილობითი პროცედურა გაიმართება და დღესვე იგეგმება სანქციების ახალი პაკეტის ოფიციალური გამოქვეყნება.
სანქციების მე-12 პაკეტზე ევროკავშირის ქვეყნები მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ავსტრიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა, რადგან უკრაინამ ავსტრიული ბანკი Raiffeisen ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო.
Raiffeisen არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური არხი, რომელშიც რუსული ბიზნესი დოლარსა და ევროში ტრანზაქციებს ახორციელებს. ამის წყალობით ბანკი უზარმაზარ მოგებას იღებს, საიდანაც შემდეგ თავისი გადასახადებით აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტს აფინანსებს.