ორთოდოქსები არმიაში უნდა გაიწვიონ - ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

ისრაელის უმაღლესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით ულტრა-ორთოდოქსი ებრაელები უნდა გაიწვიონ არმიაში, როგორც ქვეყნის დანარჩენი ახალგაზრდობა. 

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კოლეგიის ცხრავე წევრმა. მოსალოდნელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ დამატებით განხეთქილებას შეიტანს ისრაელის მოქმედ სამთავრობო კოალიციაში. 

გამონაკლისი, რომლის მიხედვით რელიგიური სკოლის სტუდენტი ულტრა-ორთოდოქსი ახალგაზრდებს ჯარში არ იწვევდნენ ათწლეულებია მოქმედებს. უკვე მრავალი წელია, გამონაკლისი ისრაელის პოლიტიკურ კლასში დაპირისპირების საფუძველია, საკითხი განსაკუთრებით მწვავე გახდა 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ. 

საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ნეთანიაჰუს მოქმედი 5-პარტიანი კოალიციისთვის, საიდანაც 2 სწორედ ულტრა-ორთოდოქსების პოლიტიკური გაერთიანებაა. ამ პარტიების კოალიციაში შესვლის მთავარი მიზანი სწორედ გაზრდილ დაფინანსებასთან ერთად არსებული პრივილეგიების შენარჩუნებაა. გამონაკლისს ულტრა-ორთოდოქსებისთვის ეწინააღმდეგებიან ნეთანიაჰუს კოლეგები პარტია ლიკუდიდან, მათ შორის თავდაცვის მოქმედი მინისტრი, იოავ გალანტი. 

უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით თავდაცვის არმიამ არამხოლოდ უნდა დაიწყოს ულტრა-ორთოდოქსების არმიაში გაწვევა, არამედ მთავრობამ უნდა შეაჩეროს იმ რელიგიური სკოლების სუბსიდირება, სადაც სტუდენტები არ არიან მონაწილეობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ისრაელის არმიას არასდროს ჰქონია ასეთი მკაფიო ინსტრუქცია ულტრა-ორთოდოქსების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. ეს სრულიად ახალი რეალობაა" - ამბობს Financial Times-სთან საუბარში ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, იოავ პლესნერი. 

პლესნერის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას დამატებითი განხეთქილება შეაქვს მმართველ კოალიციაში, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მექანიზმი. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო ჯგუფები - "ამ გადაწყვეტილებით დასრულდა დისკრიმინაციისა და უსამართლობის 76 წელი" - ამბობს ელიათ შრაგა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ულტრა-ორთოდოქსული ბანაკის წარმომადგენლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. გადაწყვეტილებას "იმედგამაცრუებელი და უაზრო" უწოდა თორას გაერთიანებული იუდაიზმის პარტიის ლიდერმა, იცხაკ გოლდკნოფმა. 

მმართველ კოალიციაში შემავალი კიდევ ერთი ორთოდოქსული პარტია შას-ის ლიდერმა, არიე დერიმ განაცხადა, რომ "თორას შესწავლა ებრაელების საიდუმლო იარაღია ყველა მტრის წინააღმდეგ, როგორც ეს სამყაროს შემქმნელმა თქვა."

დერის თქმით, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც მათ თორას შესწავლისგან დააშორებს და ყველა ძალა, რომელმაც ეს ისტორიულ წარსულში განიზრახა დამამცირებლად დამარცხდა. 

კონტექსტი 

რელიგიური სკოლის სტუდენტებისთვის დაწესებული გამონაკლისი სათავეს ისრაელის დაარსების პერიოდიდან იღებს - 1948 წელს ქვეყნის პირველი პრემიერი, დავიდ ბენ-გურიონი დათანხმდა გამონაკლისს 400 ულტრა-ორთოდოქსი ებრაელისთვის, თუ კი ისინი რელიგიურ სკოლებში ისწავლიდნენ. 

ჯერ კიდევ ჰამასის უკანასკნელ თავდასხმამდე რელიგიური სკოლების სუბსიდირება ისრაელის საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა. ამის მიზეზი კი ულტრა-ორთოდოქსების მზარდი რიცხვი და გავლენა იყო - ბოლო მონაცემებით საუბარია 60 ათასზე მეტ ადამიანზე. 

2017 წელს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ულტრა-ორთოდოქსებისთვის დაწესებული გამონაკლისი არაკონსტიტუციურად ცნო. ამ დროიდან მოყოლებული საკითხის ახალი კანონით მოწესრიგება რამდენჯერმე სცადა ნეთანიაჰუს არაერთმა კოალიციამ, თუმცა წარუმატებლად. 

საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების მიზნით გასულ კვირებში ნეთანიაჰუმ 2022 წელს მიღებული კანონის გაცოცხლება სცადა, რომელიც არმიაში გაწვეული ულტრა-ორთოდოქსების რაოდენობის ეტაპობრივ და ნელ ზრდას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუს კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს კანონი მოძველებულია, რადგანაც მისი პრინციპები ჰამასის თავდასხმამდე შეიმუშავეს. 

თეორიულად თუ კი უმრავლესობა ულტრა-ორთოდოქსებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების შესახებ ახალ კანონს მიიღებს, კრიზისი ამოიწურება, თუმცა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. 

 

მსგავსი სიახლეები