ოსტინი: უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსები აქვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი თვლის, რომ უკრაინას, რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლური იარაღის მიღების გამო, "ძალიან კარგი შანსი აქვს" 2023 წლის გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს.
ამის შესახებ მან სამშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ოსტინმა თქვა, რომ უკრაინას ახლა "მნიშვნელოვანი უპირატესობა" აქვს რუსულ ძალებთან შედარებით, თუმცა ფრონტის ხაზი ბოლო დროს ორმხრივად შეიცვალა და ახლა "საკმაოდ სერიოზული ბრძოლებია ბახმუტის რაიონში."
"უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი T-54 და T-55 ტანკების შეკეთებას იმ ზარალის გამო, რომელიც მათ მიაყენეს", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთის რესურსები იწურება, ის სულ უფრო მეტად აწყდება საარტილერიო საბრძოლო მასალის და სხვა შეიარაღების დეფიციტს და იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას.
"ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ვიხილავთ საომარი მოქმედებების ზრდას, რადგან მანევრირების პირობები გაუმჯობესდება და ასევე იმის საფუძველზე, რაც უკვე გავაკეთეთ და ვაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ექნება წარმატების ძალიან კარგი შანსი." - განაცხადა ოსტინმა.