ფაშინიანი არჩევნების შედეგებზე: ეს არის მეორე რევოლუცია, ამჯერად ფოლადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანი ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ პირველად გამოჩნდა პრესასთან.
ნიკოლ ფაშინიანი თავისი პარტიის სათავო ოფისში მივიდა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ არჩევნების პირველად შედეგებს ფაშინიანმა "მეორე რევოლუცია" უწოდა.
"სომეხმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა და მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ფორმულირებული იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, გარდაუვალი იყო, რომ ამ არჩევნებზე გაიმარჯვებდა რიგითი მოქალაქე",- თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგების მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია დამაჯერებლად იმარჯვებს. ბოლო მონაცემებით დათვლილია 165 643 ხმა, შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- საზოგადოებრივი კონტრაქტი [ფაშინიანი] - 59.2% [97 407 ხმა];
- საარჩევნო ბლოკი "ჰაიასტანი" [ქოჩარიანი] - 18.3% [30 130 ხმა];
- საარჩევნო ბლოკი "პატივი მაქვს" [სარგსიანი] - 5.5% [9 154 ხმა];
- აყვავებული სომხეთი [ცარუკიანი] - 4.9% [8 073 ხმა];
ამ მონაცემების მიხედვით ქვეყნის ახალ პარლამენტში სულ სამი პარტია იქნება. ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ბლოკი პარლამენტს გარეთ რჩება. სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ცალკეული პარტიებისთვის 4%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო ბლოკებისთვის 7%-იანი ბარიერი მოქმედებს.
არჩევნების შედეგებს ნიკოლ ფაშინიანმა ფოლადის რევოლუცია უწოდა. "ბოლო სამი წლის განმავლობაში სომეხმა ხალხმა მეორე რევოლუცია მოახდინა, ამჯერად არა ხავერდოვანი, არამედ ფოლადის",- განაცხადა ქოჩარიანმა.
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად დაინიშნა, რომელიც ყარაბაღის მესამე ომში ქვეყნის მძიმე დამარცხებას მოჰყვა.
შემოდგომაზე მომხდარი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ადგილი ჰქონდა განხეთქილებას სახელისუფლებო გუნდში და დაპირისპირებას სამხედრო ელიტასა და მთავრობის კაბინეტს შორის.
ოპოზიცია კვირების განმავლობაში ფაშინიანის უპირობო გადადგომას ითხოვდა. კრიზისის გადასაჭრელად, ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დააინიცირა, რომელსაც მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა.