პალესტინური მხარის ცნობით, მძევლების დახსნის ოპერაციისას მოკლულია 210 პალესტინელი
8 ივნისს ისრაელის არმიამ (IDF) ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში ჩატარებული ოპერაციისას, რომლის დროსაც ჰამასის მიერ დატყვევებული 4 მძევალი გაათავისუფლეს 210 პალესტინელია მოკლული.
ინფორმაციას ამის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოთხივე მძევალი ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, ღაზის სექტორის საზღვრის მახლობლად მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე დაატყვევა. ეს ამ დრომდე ისრაელის არმიის მძევლების გათავისუფლების ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა.
7 ოქტომბრის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 250 კი ჰამასის ტყვეობაში აღმოჩნდა. მათი ნახევარი ჰამასსა და ისრაელს შორის ნოემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს გაათავისუფლეს. გარდა ამისა 3 მძევალი გათავისუფლდა გასულ ზამთარში ისრაელის არმიის კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის არმიის ოპერაციის შედეგად მოკლულია 210 და დაჭრილია 400-ზე მეტი ადამიანი. მათი თქმით, მედიკოსები ვერ უმკლავდებიან დაჭრილთა მაღალ რიცხვს. ამასთანავე ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ რამდენია დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქე.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ მსხვერპლს, თუმცა დანიელ ჰაგარის ცნობით, რიცხვი საგრძნობლად ნაკლებია და 100-ზე ქვევითაა. უწყებამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჰამასი მშვიდობიანი მოქალაქეების ფარად გამოყენებაში.
მძელვების გამარჯვება დროებითი შვება ისრაელის პრემიერისთვის - ბიბი ნეთანიაჰუ მიესალმა ოპერაციას და გაიმეორა პირობა, რომ თითოეულ მძევალს გაათავისუფლებენ. ამ დროისთვის ტყვეობაში 120 ადამიანი რჩება - სხვადასხვა წყაროების ცნობით 43 მათგანი უკვე გარდაცვლილია.
მძევლების გათავისუფლების ფონზე საგანგებო მთავრობიდან წასვლის შესახებ გამოცხადება დროებით გადადო ბენი განცმა - ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციონერმა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერაცია 2 ლოკაციაზე ჩატარდა და თავად მოქმედებები კი რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალურად იგეგმებოდა. ოპერაციის დროს მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში დაიღუპა 1 ისრაელელი ჯარისკაცი.
მძევლების გათავისუფლებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ოპერაცია დაგმეს არაბულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ეგვიპტემ და იორდანიამ.
მძევლების გათავისუფლებას მიესალმა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელიც, თუმცა დასძინა, რომ "ღაზადან მომდინარე ცნობები კიდევ ერთი სასაკლაოს შესახებ შემზარავია. ამას უმკაცრესად ვგმობთ. სისხლისღვრა უნდა შეწყდეს."
კონტექსტი
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ისრაელზე გაზრდილი საერთაშორისო წნეხისა და ქვეყნის მზარდი იზოლაციის ფონზე ჩატარდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 36 500-ს აჭარბებს (რიცხვი მოიცავს როგორც კომბატანტებს, ასევე, მშვიდობიან მოქალაქეებს).
მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის არმიის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამო ბიბი ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. თავის მხრივ სასამართლო ისრაელისგან ქალაქ რაფაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
გასულ კვირებში ისრაელის არმიის მოქმედებებს დადასტურებულად მოყვა დიდი სამოქალაქო მსხვერპლი. ქალაქ რაფაში მდებარე ლტოლვითა ბანაკზე განხორციელებულ საავიაციო დარტყმას 26 მაისს 45 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს ტრაგიკული შეცდომა უწოდა ისრაელის პრემიერმა.
2 აპრილს ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად მოკლულია საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 მოხალისე. საყურადღებოა, რომ მოხალისეები IDF-სთან შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობისას დაბომბეს. მომხდარის გამო ისრაელის თავდაცვის უწყებამ ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან გადააყენა დარტყმაზე პასუხისმგებელი 2 ოფიცერი.