პესკოვი: ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამოვრიცხავთ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ქვეყანას "ეგზისტენციალური საფრთხე" დაემუქრება.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. ანუ, თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები," - განაცხადა პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში.
წამყვანის შეკითხვას, აპირებს თუ არა პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას, დიმიტრი პესკოვმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა.
27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებას არ მოერიდება და ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსეთის არმიის შეკავების ძალები "განსაკუთრებულ რეჟიმში" გადაიყვანა.