პირველი რეგიონში - ისრაელმა საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა
ისრაელმა და გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმეს.
შეთანხმებას ხელი ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრმა ორნა ბარბივაიმ და საამიროების ეკონომიკის მინისტრმა აბდულა ბინ ტუკ ალ-მარიმ მოაწერეს.
ხელშეკრულება, რომელსაც წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების პროცესი უძღოდა, ორ ქვეყანას შორის საქონელზე საბაჟო ტარიფების 96 პროცენტს გააუქმებს.
ისრაელ-საამიროების ბიზნეს-საბჭოს შეფასებით, წლის ბოლომდე შენთამხებით ათასამდე ისრაელური კომპანია ისარგებლებს, რომლებიც საამიროებში ფუნქციონირებენ.
„საქმე მხოლოდ [საამიროების] შიდა ბაზარში არ არის. დუბაიში ბაზირება კომპანიებს ფართო რეგიონზე გასვლის საშუალებას მისცემს“, - აცხადებს საბჭოს პრეზიდენტი დორიან ბარაკი.
მხარეები ხუთ წელიწადში ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ელოდებიან.
შეთანხმების გაფორმება აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.
30 მაისს ულტრამემარჯვენე ისრაელურმა დაჯგუფებებმა ისრაელის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ისრაელის დროშებით ჩაიარეს, რასაც პალესტინელების გაღიზიანება მოჰყვა.
საამიროები პირველი არაბული ქვეყანაა, რომელთანაც ისრაელმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადო.
ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წელს, აბრაამის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად დაამყარა.