პოდოლიაკი: უკრაინა რუსეთთან ყირიმზე არ ივაჭრებს

უკრაინა არ წავა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე, მათ შორის არავითარ კომპრომისზე ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით. ამის შესახებ 6 აპრილს, Twitter-ზე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, აგრესორ ქვეყანასთან მშვიდობის განხილვის პირობები იგივე რჩება - ოკუპანტები ტოვებენ ქვეყანას და უბრუნდებიან 1991 წლის საზღვრებს.

"რუსეთის ფედერაციასთან რეალური მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს რუსული შეიარაღებული დაჯგუფების სრული გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული, 1991 წელს საზღვრებიდან. ყირიმის ჩათვლით. არ შეიძლება რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე ან ჩვენს სუვერენულ უფლებებზე ვაჭრობაზე საუბარი", - დაწერა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანდრი სიბიგამ 5 აპრილს, Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი უშვებს ყირიმის მომავალზე მოსკოვთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

მისი თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს, როცა უკრაინის თავდაცვის ძალები ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ და უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე სტრატეგიული მიზნების მიღწევას მოახერხებენ. თუ ეს ორი პირობა განხორციელდება, უკრაინა "მზად იქნება გახსნას დიპლომატიური არხი ამ საკითხის განსახილველად", - განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა, სიბიგას სიტყვების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე, კერძოდ ყირიმის დეოკუპაციაზე, ღირს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებზე ფოკუსირება.

მსგავსი სიახლეები