პოლონეთი: ბელარუსი ამჯერად ავღანელი მიგრანტების გამოყენებას შეეცდება

 

პოლონეთის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირზე წნეხის გასაზრდელად ბელარუსი ამჯერად ავღანელი და უზბეკი მიგრანტების გამოყენებას შეეცდება.

„ეს კიდევ უფრო სერიოზული საფრთხე იქნება. ბელარუსი დასავლეთის მიერ ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ შექმნილ კრიზისს ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - ამბობს მათეუშ მორავიცკი.

პოლონეთის ლიდერმა აღნიშნული განცხადება ვილნიუსში ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მორავიცკი ბელარუს-პოლონეთის სასაზღვრო კრიზისის განსახილველად ბალტიის სამივე ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს მიგრანტების „პოლიტიკურ იარაღად“ გამოყენებაში სდებს ბრალს.

ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ათასობით მიგრანტი პოლონეთის საზღვართან იყო დაბანაკებული და ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა.

ბრიუსელი და ვარშავა აცხადებენ, რომ ლუკაშენკა ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიგრანტების საკითხით მანიპულირებას ეწევა.

ცოტა ხნის წინ, სიტუაციის უკიდურესად გამწვავების შემდეგ, ბელარუსის სასაზღვრო ძალებმა პოლონეთის საზღვრის გასწვრივ განთავსებული მიგრანტების ბანაკები აიღეს.

თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელები შიშობენ, რომ „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ ნაცად ხერხს კვლავ მიმართავს.

 

მსგავსი სიახლეები